სემინარი
აბსტრაქტი:
დაახლოებით ბოლო 20-25 წელიწადში გამოთვლითი ტექნიკის უდიდესმა პროგრესმა მძლავრი ბიძგი მისცა მაღალი გარჩევისუნარიანი ამინდის პროგნოზის რიცხვითი მოდელების შემუშავებას შემოსაზღვრული ტერიტორიისათვის (LAM-Limited Area Models), რომლებიც ამჟამად წარმატებით გამოიყენება მრავალი ქვეყნის ამინდის ოპერატიულ სამსახურში. პრეზენტაციის შესავალ ნაწილში მოკლედაა მიმოხილული ასეთი მოდელების თავისებურებანი და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა. წარმოდგენილია WRF მოდელის რეალიზაციის ზოგიერთი შედეგი კავკასიის რეგიონისათვის და, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიისათვის.
პრეზენტაციის მეორე ნაწილი შეეხება კონკრეტულ ამოცანას – საკუთარი მოდელური სისტემის განვითარებას ლოკალური (რეგიონული) ატმოსფერული პროცესების შესწავლისა და პროგნოზის მიზნით. კერძოდ, ფორმულირებულია რეგიონული ატმოსფერული პროცესების ჰიდროდინამიკური მოდელის ერთ-ერთი ვარიანტი წყლის ფაზური გადასვლებისა და ღრუბელთა წარმოქმნის პროცესების გათვალისწინებით. განიხილება ჰაერის მოძრავი მასა, რომელიც ქვემოდან შემოსაზღვრულია ოროგრაფიულად და თერმულად არაერთგვაროვანი დედამიწის ზედაპირით, ხოლო ზემოდან, ტროპოპაუზის სიმაღლეზე – თავისუფალი ზედაპირით, რომლის მდებარეობა განისაზღვრება ამოცანის ამოხსნის პროცესში. მოდელს საფუძვლად უდევს ატმოსფეროს ჰიდროთერმოდინამიკის განტოლებათა სრული სისტემა ჰიდროსტატიკურ მიახლოებაში. დედამიწის ქვეფენილ ზედაპირთან (ზღვა, ხმელეთი) დინამიკური და თერმული ურთიერთქმედების გასათვალისწინებლად ატმოსფეროს მიწისპირა (წყლისპირა) ფენაში განიხილება ატმოსფეროს პლანეტარული სასაზღვრო ფენის შედარებით გამარტივებული განტოლებათა სისტემა ნიადაგისა და ზღვის აქტიურ ფენებში სითბოს გადატანის განტოლებებთან ერთად.
მოდელის განტოლებათა ამოსახსნელად გამოყენებულია ცხადი და არაცხადი რიცხვითი მეთოდები.
აღნიშნული მოდელი გარკვეული გამარტივების ფარგლებში და მოდელის ცალკეული კომპონენტები რეალიზებულია ავტორის მიერ საქართველოს რეალური ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით. მოყვანილია გამოთვლითი ექსპერიმენტების ზოგიერთი შედეგი.