სალომე ბაგაშვილის სემინარი – კორონული ხვრელების დინამიკა და მათში არსებული ჯეტების ევოლუცია
კვლევა მოიცავს მზის კორონული ხვრელების ბრუნვის მახასიათებლების და კორონულ ხვრელებში არსებული დინამიური წარმონაქმნების – კორონული ჯეტების სტატისტიკურ შესწავლას.
კორონული ხვრელების შესწავლისათვის გამოყენებულია SDO/AIA 193 Å ტალღის სიგრძის მონაცემებზე დაყრდნობით SPoCA-ს მიერ შექმნილი მონაცემების სერია. შევისწავლეთ 01/01/2013-20/04/2015 პერიოდში მზის ცენტრიდან ±60˚ განედსა და გრძედს შორის დაკვირვებული 540 კორონული ხვრელი. კორონული ხვრელების საშუალო სიდერული ბრუნვის სიჩქარე შეადგენს 13.86 (±0.05) ˚/დღეს. მათი ბრუნვაში დიფერენციულობა ფოტოსფეროსთან შედარებით ნაკლებადაა გამოხატული (ნახ. 1). ეკვატორულ არეში კორონული ხვრელებისა და ფოტოსფეროს ჰელიოსეისმოლოგიური კვლევებით მიღებული ბრუნვის პროფილი ერთმანეთის მსგავსია, 35-40˚ განედს ზემოთ კორონული ხვრელების ბრუნვის კუთხური სიჩქარე აღემატება ფოტოსფეროს ბრუნვის სიჩქარეს. კორონული ხვრელების ბრუნვის ხასიათი არ გავს ფოტოსფეროში დაკვირვებულ არც ერთ ბრუნვის პროფილს და თითქმის სრულად ემთხვევა ტახოკლინის და კონვექციური ზონის ქვედა ფენების ბრუნვის მახასიათებლებს დაახლოებით 0.71 მზის რადიუსზე (ნახ. 2), რაც მიუთითებს, რომ შესაძლებელია კორონული ხვრელები დაკავშირებული იყოს მზის გლობალურ მაგნიტურ ველთან, რომელიც ტახოკლინში აღნიშნულ სიღრმეზე წარმოიქმნება.
კორონულ ხვრელებში და კორონული ხვრელების საზღვრებთან წარმოქმნილი ჯეტების შესასწავლად გამოვიყენეთ SDO/AIA 193 Å გამონასახები. შესწავლილი კორონული ჯეტებს სიკაშკაშის ევოლუცია ერთმანეთის მსგავსია: კაშკაშა წერტილის ინტენსივობაში მუდმივად დაიკვირვება რხევები და შეშფოთებები, ჯეტის გამოფქვევის წინ ინტენსივობა იზრდება, შემდეგ კლებულობს, რასაც მოსდევს ინტენსივობის მკვეთრი ზრდა – მთავარი ამოფრქვევა (ნახ. 3, 4). მთავარი გამოფრქვევის წინ კაშკაშა წერტილის საშუალო ინტენსივობის შეშფოთებებს განვიხილავთ როგორც კორონული ჯეტის წინმსწრებ მოვლენას – ე. წ. პრეკურსორს. პრეკურსორი დაფიქსირებული იყო 23-დან 20 შემთხვევაში. ის სისტემატურად დაიკვირვება როგორც ცალკეული, ისე რეკურენტული ჯეტების შემთხვევაში და როგორც ჩანს წარმოადგენს კორონული ჯეტის დამახასიათებელ თვისებას. პრეკურსორების შიდა სტრუქტურის ანალიზმა გამოავლინა მათი დროში ევოლუციის კვაზი-რხევითი ხასიათი, დაახლოებით 3 წუთიანი პერიოდულობით. დაიკვირვება უფრო მცირე რხევის პერიოდების მოდულაციაც. ვვარაუდობთ, რომ კაშკაშა წერტილის ევოლუციის საყოველთაოდ მიღებულ სცენართან ერთად შესაძლოა ხდებოდეს განსაზღვრული მაგნიტოჰიდროდინამიკური (MHD) რხევითი და ტალღისმაგვარი მოძრაობების აღძვრა, რასაც შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ჯეტების დაკვირვებულ დინამიკაში.

(a) – კორონული ხვრელები, რომელთა საშუალო ფართობი 10 000 მეგამ²-ზე ნაკლებია, ცდომილება=0.07 ˚/დღე (2.25 nHz); (b) – კორონული ხვრელები საშაულო ფართობით 10 000-დან 40 000 მეგამ²-მდე, ცდომილება=0.1 ˚/დღე (3.22 nHz); (c) – 40 000 მეგამ²-ზე დიდი ფართობის მქონე კორონული ხვრელები, ცდომილებაა 0.09 ˚/დღე (2.89 nHz); (d) – ყველა 540 კორონული ხვრელისათვის მიღებული შედეგები, ცდომილებაა 0.07 ˚/დღე (2.25 nHz).


