ფსევდო-დარტყმითი ტალღები მზის ატმოსფეროში
ინდოელ, პოლონელ, იტალიელ, ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები “Nature Astronomy”-ში დაბეჭდილ სამეცნიერო ნაშრომში პირველად დააკვირდნენ ფსევდო-დარტყმითი ტალღების გავრცელებას მზის ატმოსფეროში რაც წარმოადგენს სამეცნიერო გარღვევას მზის გვირგვინის პლაზმის გაცხელების პრობლემის ძიებაში.
მზის ზედა ატმოსფეროს (გვირგვინის) ტემპერატურა რამდენიმე მილიონ გრადიუსს აღწევს რაც თითქმის 100-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ზედაპირის (ფოტოსფეროს) ტემპერატურა. ტემპერატურა ნახტომისებურად იზრდება რამხდენიმე ასეული კილომეტრის მქონე ფენის გასწვრივ. მზის გვირგვინის პლაზმა სითბოს რაიმე წყაროს გარეშე რამდენიმე საათში გაცივდებოდა. სითბოს წყარო ამჯერად უცნობია და ეს შეადგენს მზის გვირგვინის გაცხელების პრობლემას. ენერგია სავარაუდოდ გადაიტანება უფრო მკვრივი ქვედა ფენებიდან მაგნიტური ველის გასწვრივ და აცხელებს გვირგვინის პლაზმას. თუმცა ენერგიის გადატანის პროცესი ჯერ დაკვირვებული არ არის.
NASA-ს კოსმოსური მისიების Interface Region Imaging Spectrometer (IRIS) და Solar Dynamics Observatory-ის ერთობლივი დაკვირვებების შედეგად პირველად მოხერხდა ფსევდო-დარტყმითი ტალღების დაკვირვება მზის ლაქების (დიდი მაგნიტური სტრუქტურები მზის ფოტოსფეროში) გარშემო. “დაკვირვებულ ფსევდო-დარტყმით ტალღებს გადააქვთ მზის გვირგვინის გაცხელებისთვის საკმარისი ენერგია, ამიტომ მათი დაკვირვება არის გარღვევა მზის ატმოსფეროს გაცხელების პრობლემის გადაჭრაში”, ამბობს კველევის თანაავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი თეიმურაზ ზაქარაშვილი. “ნაწილობრივად იონიზირებული პლაზმის განტოლებების რიცხვითი დათვლების საშუალებით ჩვენ შევძელით დაკვირვებების მოდელირება რაც უდიდესი მიღწევაა. დაგეგმილი მაღალი გარჩევის დაკვირვებები უფრო დეტალური ინფორმაციას მოგვაწვდიან მზის ატმოსფეროს გაცხელების იდუმალი მოვლენის საბოლოო ახსნაში.”
სამეცნიერო სტატია
- K. Srivastava, K. Murawski, B. Kuzma, D. P. Wojcik, Teimuraz Zaqarashvili, M. Stangalini, Z. E. Musielak, J. G. Doyle, P. Kayshap, B. N. Dwivedi. Confined pseudo-shocks as an energy source for the active solar corona. Nature Astronomy, 10.1038/s41550-018-0590-1, 2018