მენისკური ტელესკოპი

აბასთუმნის ობსერვატორიის 70-სმ მენისკური ტელესკოპი. მაქსუტოვის ტიპის ტელესკოპის მთავარი სარკის დიამეტრი 975 მმ-ია. 70-სმ მენისკი დამზადებულია მახლობელი ულტრაიისფერი უბნისთვის გამჭვირვალე უვიოლის კრონისგან. შუქძალა – 1:3, საფოკუსო მანძილი – 210 სმ.

ფოტოფირფიტებზე 18X18 სმ მიიღება 4°-იანი (მასშტაბი: 98” 1 მმ-ზე) მხედველობის წრიული ველი. მენისკის წინ თავსდება 725-მმ საობიექტივო პრიზმა, გარდატეხის 8°-იანი კუთხით. პრიზმასთან კომბინაციაში მიიღება ვარსკვლავთ სპექტრები დისპერსიით 160 Å/მმ. სპექტრის ულტრაიისფერი უბანი 3500 Å-მდე აღწევს. გამოიყენება ასევე 4 და 2°-იანი პრიზმები იმავე 72-სმ აპერტურით, რომელიც დაბალდისპერსიული სპექტრების მიღების საშუალებას იძლევა უფრო მკრთალი ობიექტებისთვის.

DSCN4411

ტელესკოპი ასევე მუშაობს სხვა ოპტიკურ სისტემაში, როდესაც მთავარი სარკის წინ ჰიპერბოლური სარკე იდგმება, ხოლო დიაგონალური ბრტყელი სარკე სხივთა კონას მიმართავს ე.წ. ნესმიტის ფოკუსში. ამ კომბინაციაში ტელესკოპის ექვივალენტური საფოკუსო მანძილი 1050 სმ-ია, ხოლო შუქძალა 1:15. მხედველობის ველს აქვს დიამეტრიც 40′, მასშტაბი 20″/მმ. აღნიშნული სისტემა გამოიყენება როგორც ობიექტების პირდაპირი ფოტოგრაფირებისთვის, ასევე ჭვრიტიანი სპექტროგრაფით ვარსკვლავთ სპექტრების დაკვირვებისთვის.

70-სმ მენისკური ტელესკოპით ვარსკვლავების სისტემატური ფოტოგრაფიული დაკვირვებები წარმოებს 1956 წლიდან.

IMG_1344