მარიამ ალბექიონი NASA SPACE APPS CHALLENGE-ის გამარჯვებული გახდა
2019 წლის 18-19 ოქტომბერს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია NASA SPACE APPS CHALLENGE-ს მასპინძლობდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია და ერთდროულად იმართება 200 სხვადასხვა ადგილას და 48 საათი მიმდინარეობს. მის მონაწილეებს ნასას სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით სამყაროში არსებული აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზები უნდა მოენახათ.
ჰაკათონის გამარჯვებული გახდა გუნდი Baby shark, რომლის წევრი, მარიამ ალბექიონი აბასთუმნის ობსერვატორიის ახალგაზრდა თანამშრომელი და ილიაუნის დოქტორანტია. გუნდის დანარჩენი წევრები არიან ნატო სამხარაძე, ასევე ილიაუნიდან და გოგიტა პაპალაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

მარიამ ალბექიონი:
ჩვენი გუნდის გამოწევა იყო “Internet on the Oceans”. რაც გულისხმობს ოკეანეებში ხელმისაწვდომი ინტერნეტ კავშირის შექმნას. ცნობილია რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული გემზე იქნება ეს სათევზაო, სატვირთო, სატრანსპორტო, საკრუიზო თუ კვლევითი დანიშნულების გემები. შესაბამისად მათ თავიანთი ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება ზღვასა და ოკეანეში უწევთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ამ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი ხარისხის ინტერნეტ კავშირის შეთავაზებით, ასევე მათი საქმიანობის ხელშეწყობა, თუ მათ დასჭირდებათ დიდი მოცულობის ინფორმაციის ატვირთვა ან ჩამოტვირთვა. ჩავატარეთ მცირე კვლევა და გავარკვიეთ, რომ დღესდღებით ოკეანეში ინტერნეტკავშირის ერთადერთი წყარო სატელიტური ინტერნეტია, რომელიც დაუჯერებლად ძვირი ჯდება, აქვს ძალიან დაბალი სიჩქარე და ასევე მისი ხელმისაწვდომობა დიდწილად დამოკიდებულია გარემო პირობებზე. ჩვენი პროექტით შევძელით რომ მოგვეძებნა ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა გემების ჯაჭვის გამოყენებით ე.წ. “Ship Chain”. ჩვენი შთაგონების წყარო იყო ნასას პროექტი, რომელიც გულისხმობს კოსმოსში ინტერნეტის გავრცელებას კოსმოსურ სადგურებზე გადამცემების დამონტაჟების გზით. მოვიძიეთ ინფორმაცია საზღვაო გზებზე და ამ გზებზე გემების სიმკვრივის განაწილებასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ არსებობს ძირითადი გზები სადაც გემების სიმკვრივე თითქმის მუდმივია და ასევე მათ შორის დაშორბებიც საკმარისად მცირეა იმისთვის, რომ გემზე დამონტაჟებულმა სადგურებმა შეძლონ ერთიანი დაფარვის ზონის შექმნა. საწყისი ეტაპისთვის შევარჩიეთ მხოლოდ სატვირთო გემები და ტანკერები, რომელთა მოძრაობის გრაფიკი და ტრაექტორია წინასწარ ცნობილია. ჩვენი იდეის მიხედვით, შესაძლებელია, რომ ამ გემებზე დამონტაჟდეს GSM სადგურები, რომელთა დაფარვის მანძილი მეტია გემებს შორის არსებულ საშუალო მანძილზე. ამ ტიპის სადგურები მოგვცემენ შესაძლებლობას მივაწოდოთ გემებს გაცილებით მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ვიდრე დღეს არის მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომი, ასევე გემებზე არსებულ გადამცემებს შორის კავშირი ნაკლებად იქნება დამოკიდებული ამინდზე და ოკეანის ატმოსფეროს ფიზიკურ მახასიათებლებზე, ვიდრე ეს სატელიტური ინტერნეტის შემთხვევაშია. რაც შეეხება ღირებულებას, ეს იქნება მხოლოდ იმ მოწყობილობის ღირებულება რაც მონტაჟდება გემზე და რა თქმა უნდა ნაკლებია სატელიტის ფასზე. GSM კავშირი არა მხოლოდ ინტერნეტის კავშირის პრობლემას აგვარებს, არამედ შესაძლებელს ხდის დაფარვის ზონაში მობილური ქსელის ტელეფონის გამოყენებას. გუნდის მიზანი იყო არსებული ტექნოლოგიით მოგვეძებნა მაქსიმალურად იაფი და მარტივი გადაწყვეტა ოკეანეების ინტერნეტიზაციის პრობლემისთვის. “Sip Chain” მოდელი ვფიქრობთ რომ სწორედ ასეთი პროექტია.