გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი

დიდი მთავარი, გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი 1871 წლის 2 აპრილს, სოფელ ცარსკოე სელოში დაიბადა. იგი რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის და დედოფალი მარიამის მესამე ვაჟი გახლდათ. იგი რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნოკოლოზ II-ის ძმა იყო და 1894-1989 წლებში თვითონაც ითვლებოდა რუსეთის ტახტის მემკვიდრედ.

ვარსკვლავიერი ცის საიდუმლოებანი ბავშვობის წლებიდანვე იტაცებდა გიორგის. იგი აკვირდებოდა და აღწერდა ასტრონომიულ მოვლენებს. ასტრონომიით გატაცებამ დიდი მთავარი დააკავშირა მრავალ ცნობილ ასტრონომთან, რომელთა შორის მისი უდიდებულესობა განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა ორჯერადი ვარსკვლავების ცნობილ მკვლევარს, პროფესორ ს.გლაზენაპს.

გიორგი რომანოვი
გიორგი რომანოვი

ფილტვების მძიმე დაავადებამ გიორგი იძულებული გახადა დასახლებულიყო საქართველოს სამხრეთში, კურორტ აბასთუმანში. დიდი მთავრისა და მისი ამალისათვის აბასთუმანში აშენდა ორსართულიანი სასახლე და სხვა ნაგებობები.

გიორგიმ, როდესაც შეიტყო, რომ პროფესორი ს. გლაზენაპი რუსეთის სამხრეთში ეძებდა ორჯერადი ვარსკვლავების დაკვირვებისათვის შესაფერის ადგილს, იგი აბასთუმანში მიიწვია. შ. გლაზენაპი 1892 წლის 6 ივნისს ტელესკოპითა და თავისი გეგმით გამზადებული გუმბათით ჩავიდა აბასთუმანში.

დაკვირვების საუკეთესო ადგილი მოიძებნა გიორგის სასახლის მახლობლად. გიორგი ალექსანდრეს ძემ შესთავაზა პროფ. ს. გლაზენაპს აეშენებინა ობსერვატორია თავის სამფლობელოში. გიორგიმ პირადი სახსრებით დააფინანსა ობსერვატორიეს მშენებლობა. გუმბათის აწყობასა და კოშკის მშენებლობას დასჭირდა ორ თვეზე ნაკლები დრო. დიდი მთავარი            უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას ყველა ზემოთმოყვანილ სამუშაოებში.

გიორგი ალექსანდრეს ძე პროფ. ს. გლაზენაპთან ერთად 24-სმ-იანი რეფრაქტორით აკვირდებოდა ვარსკვლავიერ ცას და საინტერესო ასტრონომიულ მოვლენებს.

რომანოვების სასახლე აბასთუმანში
რომანოვების სასახლე აბასთუმანში

მომხდარი მოვლენის მნიშვნელობის შესახებ ს. გლაზენაპი აღნიშნავდა: “დაე შეუერთდეს პირველი ობსერვატორიის დამაარსებლის პეტრე დიდისა და პულკოვოს ობსერვატორიეს დამაარსებლის ნიკოლოზ I-ის დიდებულ სახელებს რუსეთში სამთო ასტრონომიული ობსერვატორიის დამაარსებლის დიდი მთავრის გიორგი ალექსანდრეს ძის სახელი”.

პროფესორი ს. გლაზენაპი აკვირდებოდა 1893 წლის მაისამდე და მისი აბასთუმნიდან წასვლის შემდეგ ობსერვატორიაში შეწყდა სისტემატური სამეცნიერო მუშაობა. 

ს. გლაზენაპის აბასთუმნიდან გამგზავრების შემდეგ დიდი მთავარი გიორგი სისტემატურად მოდიოდა საკუთარი სახსრებით აშენებულ სამთო ობსერვატორიაში. დიდი მთავარი ამალასთან ერთად ხალისით აკვირდებოდა ციურ ობიექტებს, მაგრამ არაა შემორჩენილი ცნობები იმის შესახებ, რომ იგი ეწეოდა რაიმე სერიოზული სამეცნიერო დაკვირვებებს.

1899 წლის ზაფხულში დიდი მთავარი უეცრად გარდაიცვალა და ობსერვატორიამაც შეწყვიტა მუშაობა.