ქართველი ასტრონომის, როლან კილაძის სახელობის კრატერი პლუტონზე
ახლახან საერთაშორისო ასტრონომიულმა საზოგადოებამ პლუტონის ერთ-ერთ კრატერს მიანიჭა გამოჩენილი ქართველი ასტრონომის როლან კილაძის სახელი.
„Kiladze crater honours Rolan Kiladze (1931–2010), the Georgian (Caucasus) astronomer who made pioneering early investigations of the dynamics, astrometry and photometry of Pluto.“ – „კილაძის კრატერს ეწოდა ქართველი ასტრონომის როლან კილაძის (1931-2010) საპატივცემულოდ, რომელმაც პირველმა ჩაატარა პლუტონის დინამიკის, ასტრომეტრიული და ფოტომეტრიული ნოვატორული კვლევები“, ნათქვამია საკ-ის ვებსაიტზე (www.iau.org/news/announcements/detail/ann19052/).
როლან კილაძე იყო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი (1955-2010), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი (2001-2005). ის არის 140-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. როლან კილაძეს ეკუთვნის მონოგრაფიები ”პლანეტების თანამედროვე ბრუნვა, როგორც მცირე ნაწილაკების გროვის განვითარების შედეგი” (1986) და ”გეოსტაციონარული თანამგზავრების მოძრაობის თეორია” (2008), ასევე გეოსტაციონარული თანამგზავრების სამი კატალოგი. ის არის ”თეორიული ასტროფიზიკის” სახელმძღვანელოს ავტორი. მისი სამეცნიერო კვლევების არეალი საკმაოდ ფართოა: მზის სისტემის სხეულები, გეოსტაციონარული თანამგზავრები, ვარსკვლავთ ასტრონომია.
სხვა ციურ სხეულებთან ერთად, როლან კილაძე აქტიურად შეისაწვლიდა პლანეტა პლუტონს. 1977 წელს მან გამოთქვა ვარაუდი, რომ პლანეტა პლუტონი ჩამოყალიბების სტადიაში იმყოფება, რადგანაც მის გარშემო ჯერ კიდევ არის ნაწილაკთა დიდი გროვა. მან ასევე გამოთვალა, რომ პლუტონის მასა უნდა ყოფილიყო ძალზე მცირე, რაც შემდგომ დადასტურდა კიდეც. 2006 წელს პლუტონი მცირე პლანეტების კატეგორიაში იქნა გადაყვანილი.
როლან კილაძემ იწინასწარმეტყველა პლუტონის თანამგზავრის ქარონის არსებობა, მის აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე. მან ასევე ივარაუდა პლუტონის ორბიტის მიღმა მცირე სხეულების დიდი ერთობლიობის არსებობა, რაც ასევე დადასტურდა, როდესაც 1992 წელს კოსმოსში გაგზავნილ იქნა ინფრაწითელი თანამგზავრი, რომლის საშუალებითაც პლუტონის ორბიტის იქით მართლაც აღმოაჩინეს წვრილი ნაწილაკების საკმაოდ დიდი ღრუბელი. რ.კილაძის შეფასებით, ეს ნაწლაკები ნახევარი მილიმეტრის სიდიდის უნდა ყოფილიყო. სხვა ვარსკვლავების ირგვლივ აღმოჩენილი ე.წ. პროტოპლანეტური ღრუბლების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათი შემადგენელი ნაწილაკები მართლაც მილიმეტრის ზომისაა.
როლან კილაძე ასევე ვარაუდობდა, რომ პლუტონის გარშემო უნდა არსებულიყო მცირე ნაწილაკთა ღრუბელი, რომელიც მისი ორბიტის გარეთ მყოფი ღრუბლიდან ივსებოდა და თანდათან ეცემოდა პლუტონის ზედაპირზე. ამ მოსაზრების დადასტურება იყო პლუტონის თანამგზავრების აღმოჩენა. პლუტონის ხუთი თანამგზავრის აღმოჩენა მის მიერ 1986 წელს ჩამოაყალიბული თეორიის (”პლანეტების თანამედროვე ბრუნვა, როგორც მცირე ნაწილაკების გროვის განვითარების შედეგი”) დადასტურებადაც შეიძლება ჩაითვალოს.
როლან კილაძემ პირველმა გამოითვალა პლანეტა სატურნის რგოლების სისქე (1967), რაც 14 წლის შემდეგ დაადასტურეს ფრანგმა მეცნიერებმა (1981), ხოლო 1995 წელს – ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით ჩატარებულმა დაკვირვებებმა.
მზის დისკოზე პლანეტა მერკურის გავლის დაკვირვების შედეგად როლან კილაძემ შეძლო დაედგინა მასზე ატმოსფეროს არსებობის ნიშნები (1974).
1975 წელს როლან კილაძემ გედის თანავარსკვლავედში აღმოაჩინა ახალი ვარსკვლავი (Nova Cygni).
როლან კილაძემ სანკტ-პეტერბურგელ კოლეგებთან ერთად შექმნა გეოსტაციონარული თანამგზავრების მოძრაობის თეორია (2001). ამ თეორიის საფუძველზე შემუშავებული კომპიუტერული პროგრამები იძლევა საშუალებას განისაზღვროს დღეისათვის არსებული გეოსტაციონერული თანამგზავრების კოორდინატები რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში და გაუმჯობესდეს მათი ორბიტის ელემენტების სიზუსტე. მან დაადგინა, რომ მწყობრიდან გამოსული ხელოვნური თანამგზავრები გარკვეულ ადგილას იყრიან თავს (2003), რაც ამ „კოსმოსური ნარჩენების“ პოვნის და მათი თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
როლან კილაძემ ასევე შეიმუშავა დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების წინასწარმეტყველების კრიტერიუმი, მასზე მცირე პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ორი პოზიციური დაკვირვების საფუძველზე (2004).
სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად, როლან კილაძე იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971), საქართველოს საპატიო ჯილდოს მფლობელი (2001). მისი სახელი მიენიჭა მცირე პლანეტას 4737 (1996).