პროგრამა აპოლონი (Apollo Program) 1963-1972 წწ.

ნილ არმსტრონგი (პირველი ადამიანი მთვარეზე)

„ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისათვის, მაგრამ  უდიდესი ნახტომი კაცობრიობისათვის“

 Neil Armstrong (The first man on the Moon)

“That’s one small step for a man. One giant leap for mankind.”

აპოლონ 11 – ის შემდგომი მისიები მოკლე მიმოხილვა

 აპოლონ 11-ის წარმატებული მისიის შემდეგ, აპოლონის პროგრამის ფარგლებში ნასამ კიდევ ექვსი ხომალდის დაშვება შეძლო მთვარეზე, აპოლონ 12-დან 17-ის ჩათვლით. მხოლოდ აპოლონ 13-ის მისიის დროს ვერ განხორციელდა მთვარეზე დაშვება ფრენისას წარმოქმნილი მოულოდნელი შეფერხების გამო, მაშინ როდესაც მათ მთვარის ორბიტას მიაღწიეს და ასტრონავტებს მოუწიათ დაბრუნება დედამიწისკენ.


აპოლონ 12

 აპოლონ 12 იყო ნასას მეორე პილოტირებული მისია მთვარისაკენ, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტებმა კვლავ შეძლეს გადასვლა მთვარის ზედაპირზე. ხომალდმა სტარტი აიღო 1969 წლის 14 ნოემბერს კენედის კოსმოსური ცენტრიდან, ხოლო 19 ნოემბერს ორი ასტრონავტი – ხომალდის მეთაური ჩარლზ კონრადი (Charles Conrad) და მთვარის მოდულის (Lunar Module (LM)) პილოტი  ალან ბინი (Alan L. Bean) დაეშვნენ მთვარის ზედაპირზე „ქარიშხლების ოკეანეში“, ასტრონავტი  რიჩარდ გორდინი კი დარჩა სამეთაურო (Command Module (CM)) მოდულში და განაგრძობდა ფრენას მთვარის გარშემო მათ დაბრუნებამდე. მთვარეზე წარმატებული დაშვებიდან სამი საათის შემდეგ, ეკიპაჟმა დაიწყო გადმოსვლა მთვარის მოდულიდან. ამ ვიზიტისას პირველად გახდა შესაძლებელი შესწავლილიყო მთვარის ზედაპირი, დაჯდომის ადგილიდან 0.5 კმ რადიუსის მანძილზე.


აპონონ 12.  ასტრონავტი ა. ბინი მთვარის ზედაპირზე. სურათზე ასევე ჩანს: მთვარის მოდული, დედამიწასთან საკომუნიკაციო ე.წ “S-Band” ბარაბოლური გასაშლელი ანტენა და სატელევიზიო კამერა (მარჯვნივ).

ამ ვიზიტის დროს ასტრონავტები მთვარის მოდულიდან ორჯერ გადავიდნენ ზედაპირზე (EVA1 & EVA2). მათ განახორციელეს სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტები, შეაგროვეს მთვარის გრუნტის ნიმუშები, გადაიღეს მაღალი გარჩევადობის ფოტოები, შეისწავლეს და აიღეს მასალები მთვარეზე მყოფ  „Surveyor 3“ ზონდიდან, რომელიც აპოლონ 12-ის მისიამდე  ნასას მიერ  დაახლოებით 2.5 წლით ადრე იყო გაშვებული მთვარის გრუნტის შესასწავლად. ამ მისიის დროს მთვარის მოდულის დაშვებაც სწორედ „Surveyor 3“ -ის ლოკაციის გამო შეირჩა, მისგან დაახლოებით 170 მეტრით მოშორებით.


აპოლონ 12-ის ხომალდის მეთაური – ჩ. კონრადი მუშაობს მთვარის უპილოტო ზონდ  „Surveyor 3“ -თან, ხომალიდს გარე აქტიური მუშაობის (EVA2-ის) შესრულებისას. სურათზე (უკან მერჯვნივ) მოჩანს მთავრის (LM) მოდულიც.

  ასტრონავტებმა ზონდიდან მოხსნეს სატელევიზიო კამერა, ელექტო კაბელები, ნიმუშის ამღები ციცხვი და ზოგიერთი სხვადასხვა სამეცნიერო კომპონენტები, რომლებიც წამოიღეს დედამიწაზე შემდგომი გამოკვლევებისათვის.

    აპოლონ 12-ის ასტრონავტემბა წარმატებით დატოვეს მთვარის ზედაპირი 1969 წლის 20 ნოემბერს, შეუერთდნენ სამეთაურო მოდულს და 24 ნოემბერს უსაფრთხოდ დაეშვნენ წყნარ ოკეანეში.


აპოლონ 13

    ეს მისია იყო ნასას მესამე მცდელობა მთვარეზე პილოტირებული დაშვებისა, თუმცა იგი შეწყდა ხომალდის სერვის მოდულში ფრენისას წარმოქმნილი პრობლემების გამო.

    აპოლონ 13-მა სტარტი არიღო 1970 წლის 11 აპრილს, კენედის კოსმოსური ცენტრის 39A ასაფრენი კომპლექსიდან. მის ბორტზე იმყოფებოდნენ ასტრონავტები: ხომალდის მეთაური ჯიმ ლოვუელი (Jim Lovell), სამეთაურო მოდულის  პილოტი ჯეკ სვეიგერტი (Jack Swigert) და მთვარის მოდულის პილოტი  ფრედ ჰეიზი (Fred Haise).

     ჯერ კიდევ ხომალდის სტარტიდან რამდენიმე წუთში, რაკეტა მატარებლის მეორე საფეხურის ხუთი ძრავიდან ცენტრალურმა მუშაობა მოულოდნელად შეწყვიტა, თუმცა ხომალდმა განაგრძო ფრენა დანარჩენი ოთხი ძრავის ხანგრძლივი მუშაობის კომპენსაციის ხარჯზე და გაიყვანა იგი საწყის  ̴190 კმ სიმაღლის გეოცენტრულ ორბიტაზე. დედამიწის გარშემო დაახლოებით 1.5 ორბიტული გარემოქცევის შემდეგ კი მესამე საფეხურის ძრავამ აპოლონ 13 „მთვარისაკენ გატყორცნა“.

    ხომალდის სერვის მოდულში მოთავსებული იყო კრიოგენულ აირთა ფეთქებადი რეზერვუარები, რომლებიც ამარაგებდნენ ხომალდს ელექტროენერგიით, ჰაერითა და წყლით. როგორც მოგვიანებით გაირკვა ჟანგბადის ერთერთი რეზერვუარის მართვის ელექტრო სისტემაში ხარვეზი სტარტამდეც არსებობდა, რომლის დაფიქსირებაც სამწუხაროდ ხომალდის გაშვებამდე ვერ მოხერხდა. მისიის დაწყებიდან 56 საათის შემდეგ, როდესაც ხომალდი  ̴330 000 კმ მანძილით იყო დაშორებული დედამიწას, ხომალდის სერვის მოდულში ჟანგბადის (№2) ბალონი მოულოდნელად აფეთქდა, მის ელექტრულ წრედში მომხდარი „მოკლე ჩართვის“ გამო, რამაც ასევე სხვა (№1) ბალონის სარქველის დაზიანებაც გამოიწვია და აირმა გაჟონვა დაიწყო.


აპოლონ 13 – ის დაზიანებული სერვის SM მოდული, სურათი გადაღებულია მთვარის LM მოდულიდან, SM – ის ჩახსნის შემდეგ. ფოტოზე მოჩანს მოდულის „გაგლეჯილი“ გარსი, მასში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შემდეგ.

  როდესაც ასტრონავტებმა აფეთქების ხმა გაიგეს და ხომალდში დიდი ვიბრაციაც იგრძნეს, თავიდან მათ ეს ხომალდზე მცირე მეტეორის დაჯახება ეგონათ, თუმცა მალე გაერკვნენ სიტუაციაში. ხომალდის მეთაურმა ჯ. სვიგერტმა ნასას ფრენის ცენტრს მიმართა – „ჰიუსტონ, ჩვენ პრობლემა გვაქვს“. აფეთქების შედეგად, მოიშალა ხომალდის ფრენის მართვის სისტემა, მწყობრიდან გამოვიდა მთავარი ამაჩქარებელი ძრავი, საიდანაც ჟანგბადი ჟონავდა, რაც დამატებითი იმპულსის გამო ხომალდს წონასწორობას აკარგვინებდა.  ნასას მართვის ცენტრი მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადავიდა, ისინი ასტრონავტებს სისტემატურად აწვდიდნენ სხვადასხვა ტექნიკურ ინსტრუქციებს პრობლემების დროულად გადასაჭრელად.


ნასა. 1970 წ.  აპოლონ 13 – ის მართვის ცენტრის თანამშრომლები (ე. წ ოქროს გუნდი). ხომალდის ბორტზე №2 ჟანგბადის ბალონის აფეთქებისას, სწირედ ამ გუნდის დროულმა და სწორმა რეკომენდაციებმა იხსნა ეკიპაჟის სამივე წევრი რეალური კატასტროფისგან.

მომხდარის გაცნობიერებამ თანდათან აშკარა გახადა, რომ „მთვარე დაიკარგა“,  მისია შეწყდა! ახლა ნასას მთავარ ამოცანას, ასტრონავტების სიცოცხლის შენარჩუნება და მათი უსაფრთხო დაბრუნება წარმოადგენდა. მართვის ცენტრის მითითებით, ასტრონავტებმა ენერგიის დაზოგვის მიზნით სამეთაურო და სერვის მოდულებში გამორთეს ყველა ელექტროსისტემა. ეკიპაჟის სამივე წევრი გადავიდა მთვარის მოდულში, რომელიც მხოლოდ ორ კაცზე იყო გათვლილი და მასში არ იყო საკმარისი ჟანგბადი დედამიწამდე მოსაღწევად რომ ყოფნოდათ, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში, სხვა გამოსავალი არ არსებობდა.

    ნასას მართვის ცენტრის პერსონალთა პროფესიონალური გადაწყვეტილებების დახმარებით ასრტონავტებმა მიიღეს სწორი რეკომენდაციები, მათ ხომალდში არსებული სათადარიგო ნაწილებისაგან სახელდახელოდ დაამზადებინეს ნახშირორჟანგის მშთანთქმელი ერთგვარი ფილტრები, რისი დახმარებითაც მათ ხელოვნურად გაზარდეს სუნთქვისათვის საჭირო  ჟანგბადის მოხმარების დრო.

    აფეთქების გამო, ხომალდის მოძრაობის ტრაექტორია ისე შეიცვალა, რომ გამოთვლების მიხედვით, მთვარის უკან თავისუფალი გარემოქცევის შემდეგ  ხომალდი  ̴ 4000 კილომეტრით აცდებოდა დედამიწას, ამიტომ ასტრონავტებს რამდენჯერმა მოუწიათ მთვარის მოდულის ძრავების გამოყენება, ტრაექტორიაში კორექტირების შესატანად.

 მიუხედავად ხომალდის ბორტზე არსებული სერიოზული პრობლემებისა, აპოლონ 13 -ის ასტრონავტებმა ინციდენტიდან ოთხი დღის შემდეგ მაინც შესძლეს დედამიწის გეოცენტრულ ორბიტამდე მოღწევა, გადავიდნენ მთვარის მოდულიდან სამეთაურო მოდულში, შემოიჭრნენ დედამიწის ატმოსფეროში და დაგეგმილი ადგილიდან, საკმაოდ მოშორებით თუმცა მშვიდობით, დაეშვნენ წყნარ ოკეანეში.


აპოლონ 13-ის ეკიპაჟის წევრები, მარცხნიდან მარჯვნივ – ფრედ ჰეიზი, ჯიმ ლოუველი და ჯეკ შვაიგერტი. 1970 წლის 17 აპრილი, წყნარ ოკეანეში დაშვების შემდეგ.

  ნასას ისტორიაში აპოლონ 13-ის  მისია შეფასებულია, როგორც „წარმატებული მარცხი“, რადგან ასტრონავტები რეალურ სიკვდილს გადაურჩნენ. ეკიპაჟის სიმამაცისა და მართვის ცენტრის პროფესიონალი თანამშრომლების წყალობით, მისია მაინც მშვიდობით დასრულდა. სამივე ასტრონავტი უვნებელი დაბრუნდა დედამიწაზე.

აპოლონ 14

    აპოლონ 14-ის ეკიპაჟის წევრები იყვნენ: ხომალდის მეთაური ალან შეპარდი (Alan Shepard Jr), მთვარის მოდულის პილოტი სტუარტ როსა (Stuart A. Roosa) და სამეთაურო მოდულის პილოტი ედგარდ მიტჩელი (Edgar D. Mitchell). ხომალდმა სტარტი აიღო 1971 წლის 31 იანვარს. მთვარეზე დაშვების ადგილი და სამეცნიერო აქტივობები იგივე დარჩა რაც წინა აპოლონ 13-ის წარუმატებელი მისიისათვის იყო დაგეგმილი. მთვარი მოდული დაეშვა ცნობილი კოპერნკის  93კმ დიამეტრის კრატერიდან დაახლოებით 360 კილომეტრით სამხრეთით, ფრა მაუროს (Fra Mauro) ქედზე, 340მ დიამეტრის კონის კრატერთან (Cone Crater) ახლოს. ეს რეგიონი საინტერესო იყო სელენოლოგიური (მთვარის გეოლოგიური) გამოკვლევების თვალსაზრისით, რადგან იგი გამოირჩეოდა მეჩხერი ქვით მიმოფანტული, ევოლუციურად ახალგაზრდა ზედაპირური ქერქით, რომელიც დაფარულია კოპერნიკის დარტყმითი მეტეორული კრატერიდან ამოტყორცნილი „ნათელი ნივთიერების“ ფენით.


აპოლონ 14-ის მთვარის მოდული ზის „ფრა მაუროს“ ქედზე. შესამჩნევია, რომ მოდული ერთი ფეხი ჩაშვებული პატარა კრატერში (რომელსაც საბედრიეროდ აფრენისას პრობლემა არ შეუქმია). სურათზე ასევე მოჩანს ასტრონავტების ნაფეხურები და საკომუნიკაციო გასაშლელი ანტების ნაწილი.

 ამ მისიის დროს 42 კგ-ზე მეტი მთვარის გრუნტი იქნა შეგროვებული და ჩამოტანილი დედამიწაზე. დედამიწასთან უფრო მაღალი ხარისხის საკომუნიკაციოდ კი ასტრონავტებმა დაამონტაჟეს  3.8 მ. დიამეტრის მოდერნიზებული გასაშლელი ანტენა. მთვარეზე სამეცნიერო ტექნიკის გადასაზიდად ასტრონავტებმა ამჯერად ნასას მიერ სპეციალურად შექმნილი ხელის ურიკა გამოიყენეს (modular equipment transporter (MET)).


1971 წლის 5 თებელვალი. ასტრონავტი ა. შეპარდი „Modular Equipment Transporter“ – თან ერთან. ეს „ურიკა“ გამოიყენებოდა სამეცნიერო ტექნიკისა და ნიმუშების ტრენსპორტირებისათვის მთვარის ზედაპირზე.

ასტრინავტები ა. შეპარდი და ს. როსა 6  თებერვალს წარმატებით აფრინდნენ მთვარის ზედაპირიდან, შეუერთდნენ სამეთაურო მოდულს და მის ირგვლივ 34 გარემოქცევის შემდეგ  „გამოეშურნენ“ დედამიწისკენ. აპოლონ 14-ის მისია დასრულდა 9 თებერვალს წყნარ ოკეანეში დაშვებით.

აპოლონ 15

    აპოლონ 15 (გაშვების თარიღი 26 ივლისი, 1971წ) იყო ნასას მთვარეზე დაშვების მეოთხე წარმატებული მისია. ხომალდის ეკიპაჟები იყვნენ: მეთაური დევიდ სკოტი (David Shcott), მთვარის მოდულის პილოტი ჯეიმს ირვინი (James Irwin) და სამეთაურო მოდულის პილოტი ალფრედ ვორდენი (Alfred Worden). ამ მისიის ფარგლებში, ნასას ინჟინრებმა მოახდინეს ხომალდის მოდულების ტექნიკური მოდიფიკაციები, იმისათვის, რომ უფრო მეტი ტვირთის წაღება ყოფილიყო შესაძლებელი. მთვარის მოდულის დაშვების ლოკაციად სელენოლოგიური თვალსაზრისით ძალზედ საინტერესო ადგილი შეირჩა, ადგილი სადაც მილიარდობით წლის წინ დამშრალი ვულკანური მდინარის ე. წ ჰადლეის არხი (Hadley Rille) მიიკლაკნებოდა „აპენინის მთების“ დასავლეთ ფერდობზე.

ასტრონავტებმა ამ ვიზიტისას მთვარის ზედაპირზე  გადასაადგილებლად პირველად გამოიყენეს ნასას მიერ სპეციალურად შექმნილი  ელექტრომობილი  (Lunar Roving Vehicle (LRV)), რომლის დახმარებითაც ორივე ასტრონავტს 10–12 კმ/სთ სიჩქარით შეეძლოთ მთავრის ზედაპირზე გადაადგილება, რაც მათ საშუალებას აძლევდა ტექნიკასთან ერთად შორ მანძილზე წასულიყვნენ დაშვების პუნქტიდან, დაეზოგათ დრო და უფრო ეფექტურად განეხორციელებინათ დაგეგმილი სამეცნიერო ამოცანები.


ასტროვავტი დ. სკოტი, ჰადლეის ხეობაში, დამშრალი მდინარის სანაპიროსთან.

აპოლონ 15 მისია განსხავდებოდა მისი წინამორბედებისაგან იმითაც, რომ მთვარეზე მუშაობის (EVA) დრო გახანგრძლივევული იყო (3 დღე), ჯამში ასტრონავტებიმა მთვარის ზედაპირზე მოდულის 18,5 საათი დაჰყვეს და  77 კგ მთვარის გრუნტი შეაგროვეს დედამიწაზე წამოსაღებად. აპოლონ 15-ის მისია დასრულდა 1971 წლის 7 აგვისტოს წყნარ ოკეანეში წარმატებული დაშვებით.

აპოლონ 16

    ეს იყო ნასას რიგით მეხუთე პილოტირებული მისია მთვარისაკენ.  გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო, რომელიც შეეხებოდა მოდულების ჩახსნის მექანიზმების კორექტირებასა და ტესტირებისას გამოვლენილი ხარვეზების შეკეთებას, ხომალდის გაშვების თარიღი ერთი თვით გადაიდო და 1971 წლის 17 მარტის ნაცლად აპოლონ 16-ის ხომალდმა სტარტი აიღო 16 აპრილს, ეკიპაჟის წევრები იყვნენ: მეთაური  ჯონ იანგი (John W. Young), სამეთაურო მოდულის პილოტი ტომას მატინგლი (Thomas K. Mattingly) და მთვარის მოდულის პილოტი ჩარლზ დუკი (Charles M. Duke). მთვარეზე დაშვება შედარებით რთულად წარიმართა, მაგრამ მთვარის მოდული მაინც წარმატებით დაეშვა მაღალმთიანი კრატერებით დაფარულ რეგიონში ე. წ. დეკარტესა და კეილის ფორმირების რაიონში (Descartes and Cayley formations), წინასწარ დაგეგმილი ადგილიდან  დაახლოებით 270 მეტრის მოშორებით. ისევე როგორც წინა (აპოლონ 15) მისიის დროს, ამჯერადაც ასტრონავტებმა მთვარეზე გადასაადგილებლად სპეციალური ელექტრომობილი (LRV)გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც მათ ჯამში მთვარის ზედაპირზე 26.7 კილომეტრი გაიარეს.


1972 წლის 21 აპრილი. ასტონავტი ჯ. იანგი, მთვარეზე სამეცნიერო ინსტრუმენტების განლაგების დროს.

ასტრონავტებმა ჯ. იანგმა და ჩ. გუკმა მთვარეზე სამ დღიანი ვიზიტის განმავლობაში ჯამში აქტიური მუშაობის (EVA1, EVA2 და EVA3) 20 საათი გაატარეს. მათ ზედაპირზე განათავსეს ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე სამეცნიერო აღჭურვილობები და განახორციელეს სხვადასხვა გეოლოგიური კვლევები.  ასტრონავტემბა 95 კილოგრამზე მეტი მთვარის ნიმუში შეაგროვეს დედამიწაზე წამოსაღებად. ამ პერიოდის განმავლობაში  სამეთაურო მოდულში დარჩენილმა ტ. მატინგლმა  64-ჯერ შემოუფრინა მთვარეს და ორბიტიდან ანხორციელებდა სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებს. 23 აპრილს, მთვარის მოდულის ორბიტაზე დაბრუნების შემდეგ, აპოლონ 16-ის სერვის მოდულიდან გაშვებულ იქნა მცირე ზომის თანამგზავრი (PFS-2), რომლის მთავარი მიზანიც მთავრის გარშემო მაგნიტური ველისა და დამუხტული ნაწილაკთა შესწავლა იყო.  უკან დაბრუნებისას, მთვარიდან    ̴70 000 კმ მანძილზე ასტრონავტებმა პირველად განახორციელეს ყველაზე შორს დედამიწიდან, ე. წ „ღრმა კოსმოსში გასეირნება“(deep-space walks). მათ ხომალდის გარე კორპუსიდან მოხსნეს სამეცნიერო ჩანაწერების კამერა, რათა არ დაზიანებულიყო ატმოსფეროში შემოჭრისას.


აპოლონ 16-ის მეთაური ჯ.იანგი (წითელ ზოლიანი ჩაბხუტით) და სამეთაურო მოდულის პილოტი კ. მატიკგლი მუშაობენ ხომალდის გარე სივრცეში, ე. წ  „ღრმა კოსმოსში გასეირნების“ (deep-space walks)  დროს. დედამიწიდან      ̴310 000 კილომეტრის მოშორებით.

ამ მისიის ხანგრძლივობა ჯამში 265 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა, რომელიც დასრულდა  1972 წლის 27 აპრილს, სამეთაურო მოდულის წყნარ ოკეანეში დაშვებით.

აპოლონ 17

    აპოლონ 17 იყო მეექსვე და ნასას ფინალური პილოტირებული მისია „აპოლოს პროგრამის“ ფარგლებში. გარდა ამისა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდასაც ეკიპაჟის სამოვე წევრი მეცნიერები (სპეციალობით გეოლოგები) იყვნენ. აპოლონ 17-ის ხომალდი გაეშვა 1972 წლის 7 დეკემბერს და მასში ისხდნენ: მეთაური – ჰარისონ შმიდტი (Harrison H. Schmitt), მთვარის მოდულის პილოტი ეუგენ კერნანი (Eugene A. Cernan ) და სამეთაურო მოდულის პილოტი რონალდ ევანსი (Ronald E. Evans).

    1972 წლის 11 დეკემბერს, რ. ევანსი განაგრძობდა მთვარის გარშემო ორბიტაზე ბრუნვას, როდესაც ე. კერნარი და ჰ. შმიდტი დაეშვნენ მთვარის ზედაპირზე „სიცხადის ზღვის“ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, რათა შეესწავლათ ე. წ. „ტავრი-ლიტროუსის“ (Taurus–Littrow) ვულკანური ხეობის „გეოლოგია“. ეს ადგილი გამოირჩეოდა დაშლილი მთების ნარჩენი ლოდებით მიმოფანტული ადგილების მრავალფეროვნებით.  


1972 წლის 13 დეკემბერი, ასტრონავტი-მეცნიერი ჰ. შმიდტი დგას უზარმაზარ გაპობილ ქვის ლოდთან „ტავრი-ლიტროუს“ ველზე. ასევე მოჩანს სურათზე მთვარემავალი ელექტო მანქანა (LRV) რომლითაც ჰ. შმიდტი და ე. კერნარი  გადაადგილდებოდნენ.

ატრონავტებმა 75 საათი გაატარეს მთვარის ზედაპირზე და (LRV) ელექტრომობილით კი ჯამში 36 კილომეტრი მანძილი დაფარეს, რომელიც რეკორდი იყო წინა მისიებთან შედარებით. მათ ჩაატარეს 10 სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტი (ძირითადად გეოლოგიური), გადაიაღეს 2000-ზე მეტი ფოტოსურათი და შეაგროვეს    ̴110კგ მთვარის გრუნტი შემდგომი კვლევებისათვის.


აპოლონ 17-ის ასტრონავტი-მეცნიერი ე. კერნანი დგას სამეცნიერი დანადგართან, რომლის დახმარებითაც იგი ზომავს ნიადაგის დახრასა და მთვარის ქვის ზოგიერთ ფიზიკურ მახასიათებლებს.

მისიის დასრულებისას ე. კერნანმა და ჰ. შმიდტმა პირდაპირი სატელევიზიო ჩართვის დრის წაიკითხეს მთვარის მოდულზე დამაგრებულ სამახსოვრო დაფაზე დაწერილი სიტყვები – “აქ ადამიანებმა დაასრულეს მათი პირველი გამოკვლევები მთვარის შესახებ, ქრისტეშობიდან – 1972 წელი, დეკემბერი.  ეს მოვლენა მშვიდობის სულის ძალით ასახული კაცობრიობის ისტორიაზე“.

     აპოლონ 17-ის ასტრონავტები წარმატებით დაბრუნდნენ დედამიწაზე 1972 წლის 19 დეკემბერს.

პროგრამის მნიშვნელობა

    ნასას აპოლოს კოსმოსურო პროგრამა მიზნად ისახავდა ადამიანის გადაყვანას მთვარის ზედაპირზე და მათ უსაფრთხო დაბრუნებას დედამიწაზე. პრეზიდენტ ჯ. კენედის ეს მიზანი წარმატებით განხოეციელდა აპოლონ 11-ის მისიის დროს, როდესაც 1969 წლის 20 ივლისს ნ. არმსტრონგმა და ე. ოლდრინმა პირველად დააბიჯეს მთვარის ზედაპირს, ასტრონავტი მ. კილინზი კი მათ ზემოთ სამეთაურო მოდულით ბრუნავდა მთვარის ორბიტაზე. აპოლონ 11-ის შემდგომი მისიების განხორციელებისას სახელმწიფოთა შორის კოსმოსურმა „ორთაბრძოლამ“ უკანა პლანზე გადაინაცვლა და სამეცნიერო დატვირთვა მიიღო.

    აპოლოს კოსმოსური პროგრამის ფარგლებში თორმეტი ამერიკელი ასტრონავტი გადავიდა მთვარის ზედაპირზე. მათ მიერ განხორციელებული სამეცნიერო ექსპედიციების დროს დაგროვილი მდიდარი სამეცნიერო მასალის ანალიზით ბევრი ახალი სამეცნიერო კვლევა და ნაშრომი შესრულდა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ევოლუციის შესასწავლად. მთვარიდან ჩამოტანილი ქვების რადიომეტრული ანალიზით დამტკიცდა, რომ მათი ასაკი ევოლუციურად გაცილებით უფრო ძველია ვიდრე დედამიწის ქვებისა და იგი იცვლებოდა 3,2 მილიარდიდან 4,6 მილიარდ წლამდე, შესაბამისად მთვარის დაბალ და მაღალ რეგიონებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის მიხედვით. აპოლონის ყოველი მისიისას ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე ტოვებდნენ სამეცნიერო ინსტრუმენტებს, ეს ხელსაწყოები ბირთვული ენერგიით იკვებებოდნენ, რომელთაც შეეძლოთ წლების მანძილზე გადმოეცათ დედამიწაზე სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაცია.

პროგრამის დახურვა

    მიზეზი თუ რატომ გააუქმა ნასამ აპოლონ 17-ის მომდევნო დაგეგმილი მისიები  მდომარეობდა შემდეგში:  გასული საუკუნის 60-იან წლებში ა.შ.შ-ს და საბჭოთა კავშირს შორის „კოსმოსური ბრძოლაში“ ლიდერობის სურვილმა თავისი შედეგი გამოიღო. გაგარინის წარმატებული ფრენის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ერთგვარ გამოწვევად მიიღო ეს ფაქტი და დაიწყო დაკარგული, მსოფლიო მნიშვნელობის დონის პრესტიჟის აღგდენა კოსმოსის ათვისების მიმართულებით. ამისათვის კი შეერთებული შტატების მთავრობამ დაიწყო უდიდესი ფინანსური ხარჯის გაწევა. კოსმოსური პროექტები მერკური, ჯემინი და აპოლო თამიმდევრულად პროგრესირდებოდნენ, ყოველი მათგანი მოითხოვდა უფრო მეტ და მეტ კონტრაქტორსა და დასაქმებულ პერსონალთა ზრდას, ახალი ქარხანა-ნაგებობისა და ასაფრენი კომპლექსების აშენებას, ძვირადღირებული სატესტო რაკეტებისა და კოსმოსური ხომალდების აგებას. მთლიანობაში „აპოლოს პროგრამის“ განსახორცოელებლად ნასას დასაქმებული ყავდა 100 000 ზე მეტი ადამიანი და მათ უმრტესობას საკმაოდ სოლიდურადაც უხდიდნენ. ნასას ბიუჯეტმა (იმ დროისათვის) კოლოსალურ რიცხვს მიაღწია. ამერიკის მოქალაქეთა უმრავლესობას დიდი სურვილი ამოძრავებდა პრეზიდენტ ჯ. კენედის „ცივი ომის“ გამოწვევა რეალურად განხორციელებულიყო. 1960 იანი წლების შუა პერიოდში ნასა იღებდა იმაზე მეტ ფინანსურ რესურს, რაც მას რეალურად ესაჭიროებოდა. პარალელურად ამერიკის მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს, არც ესმოდა და არც აინტერესებდა თუ რა სამეცნიერო და პრაქტიკული უპირატესობა ექნებოდა ქვეყნისათვის მთვარის მისიის განხორციელებას. აპოლონის ხომალდებიდან ასტრონავტთა სატელევიზიო ჩართვებმა და გაზეთების კოსმოსური ამბებით აჭრელებულმა გვერდებმა ერთგვარად შეცვალა მრავალი ამერიკელი მოქალაქის დამოკიდებულება კოსმოსის ათვისების მიმართ, ასეთი საინფორმაციო საკითხები ყოველთვის დატვირთული იყო მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებისა და ხალხთა თანამეგობრობისაკენ მიმართული აქცენტებით. თუმცა პარალელურად, ამერიკელ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი მაინც მიიჩნევდა, რომ კოსმოსური მოგზაურობისათვის დახარჯული ხარჯები ჯობდა სამხედრო დაფინანსებას მოხმარებოდა ან რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხარჯათ, გადაეცათ უსახლკაროებისათვის ან ეს ხარჯები ვიეტნამთან დაძაბული ურთიერთობის მოგვარებას მოხმარებოდა. კარგია თუ ცუდი, კონგრესმა და პრეზიდენტმა რ. ნიქსონმა გაითვალისწინა საზოგადოების ეს მოთხოვნები, ალბათ იმიტომ, რომ ამ პროექტს თავისი ძირითადი ფუნქია უკვე შესრულებული ქონდა. კოსმოსური ბრძოლა მოგებული იყო და ქვეყანას, თავისი დაკარგული პრესტიჟიც აღდგენილი ქონდა. ფაქტი კი ერთია, ნასა ნამდვილად წარმოადგენდა ფედერალური ბიუჯეტის ძირითად მშთანთქმელ წყაროს. ნასაშიც გააცნობიერეს მოცემული სიტუაცია და მიღებული შემცირებული ფინანსები გრძელვადიან სამომავლო პროექტებზე გადაანაწილეს, ახლო მომავალში დაგეგმილმა აპოლონის მთვარის მისიებმა კი (აპოლონ 18, 19 და 20 ) გაუქმება დაიწყეს და მალე, 1972 წელს „პროგრამა აპოლონი“ მთლიანად დაიხურა! ხომალდების  რაკეტამატარებელ სატურნ V-ს ფუნქცია შეეცვალა და იგი დედამიწის ახლო ორბიტაზე ნასას პირველი ორბიტალური კოსმოსური სადგურის (Skylab -ის) ნაწილების ასაზიდად გამოიყენეს.

    „პროგრამა აპოლონი“ მოიხსენიება, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის ერთერთ უდიდეს ტექნიკურ მიღწევად. ამ პროექტის განხორციელებამ სტიმული მისცა მეცნიერებისა და ტექნიკის ბევრ სხვადასხვა დარგსაც. აპოლონის მთვარის მისიებმა ერთგვარად შეცვვალა ადამიანთა მსოფლმხედველობა სამყაროს ათვისებისა აღქმის მიმართულებით.

ავტორი: სერგო კაპანაძე

გამოყენებული წყაროები:

https://www.history.com/news/10-things-you-may-not-know-about-the-apollo-program

https://www.nasa.gov/audience/foreducators/spacesuits/historygallery/ap-dec72.html

https://www.nasa.gov/mission_pages/apollo/missions/index.html

https://airandspace.si.edu/explore-and-learn/topics/apollo/apollo-program/landing-missions/apollo13.cfm