ბლაზარ Markarian 501-ის ინტენსიური დაკვირვებები
2014 წ. 24–27 მაისის განმავლობაში თანამგზავრ “Swift”-ის მეშვეობით განხორციელდა ბლაზარMarkarian 501-ის ინტენსიური დაკვირვებები ბიძინა კაპანაძის მოთხოვნის საფუძველზე პროექტის “Target of Opportunity” ფარგლებში (იხ. ლინკი). დაკვირვებათა ციკლის ID არის 35023. დაკვირვებებზემოთხოვნა უკავშირდებოდა ობიექტის ყოფნას ყველაზე მაღალი რენტგენული სიკაშკაშის მდგომარეობაში “Swift”-ის ფუნქციონირების დაწყების შემდგომ (2004 წ. ნოემბერი). ბლაზართა კვლევა მეტად აქტუალურია მთელი რიგი ფუნდამენტური პრობლემების გამო, რომლებიც დაკავშირებულია მათი ჯეტების შემადგენლობასთან, გამოსხივების ზონის მდებარეობასა და სტრუქტურასთან, გამოსხივების ცვალებადობის გამომწვევ მიზეზებთან და ბუნებასთან, გარეშე წარმოშობის ფოტონთა როლთან, გამომსხივებელი ნაწილაკების აჩქარების მექანიზმებთან და ენერგიების მიხედვით მათ განაწილებასთან. ბლაზართა რენტგენული გამოსხივების ცვალებადობის შესწავლა გვაძლევს ამ რელატივისტური ობიექტების უშუალო სიახლოვეს მიმდინარე მასების აკრეციასა და ეჯექციასთან დაკავშირებული არასტაბილური პროცესების შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას. გამოსხივების სწრაფი ცვალებადობა ნიშნავს მათში გამოსხივების მეტად კომპაქტური არეების არსებობას, რომლებიც უნდა მდებარეობდნენ ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელების მახლობლად. ვინაიდან ბლაზართა ყველაზე შიდა ნაწილების სტრუქტურული კომპონენტების გარჩევა შეუძლებელია პირდაპირი დაკვირვებებით, გამოსხივების ნაკადის ცვალებადობის კვლევა მძლავრი საშუალებაა მათი ყველაზე შიდა ნაწილების (რომლებიც წარმოადგენენ სამყაროს ერთერთ ყველაზე ექსტრემალურ “ადგილებს”) შესწავლის თვალსაზრისით.