რუსთაველის ფონდის გრანტები

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერებმა მიიღეს რუსთაველის ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები:

1. რიეგერის ტიპის პერიოდულობა მზის აქტიურობაში და მზის შიდა ფენების სეისმოლოგია

მზის აქტიურობა, რომელიც განსაზღვრავს პლანეტათშორისი სივრცის მდგომარეობას და დიდ გავლენას ახდენს დედამიწაზე, ჯერ სრულად არ არის ახსნილი. მზის აქტიურობის ძირითადი პერიოდი დაახლოებით 11 წელია, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მსხვილმასშტაბოვან დინამოს მოქმედებას მის შიდა ფენებში. თუმცა მზის აქტიურობას უფრო მოკლე პერიოდიანი, 155-160 დღიანი, ცვალებადობაც ახასიათებს, რომელსაც რიეგერის პერიოდულობას უწოდებენ. ეს პერიოდულობა ძალიან საიდუმლოებით არის მოცული, რადგან მხოლოდ ზოგიერთ ციკლებში ჩნდება და მისი ფიზიკური ბუნება ცნობილი არაა. თუმცა უახლესი ანალიზი გვიჩვენებს რომ ეს პერიოდულობა დამოკიდებულია მზის აქტიურობის დონეზე, შესბამისად ის უნდა დაკავშირებული იყოს მზის შიდა დინამო ფენასთან.

პროექტის მიზანია მზის აქტიურობის ინდექსების სხვადასხვა მონაცემების (მზის ლაქების რიცხვი, რადიო ნაკადი, მზის სრული გამოსხივება, კორონალური მასის ამოფრქვევა, ანთება) სიღრმისეული ანალიზი განსხვავებული სტატისტიკური მეთოდებით (ფურიე ანალიზი,ვეივლეტი, ემპირიულ მოდებად დაშლა) და რიეგერის პერიოდის ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა ინდივიდუალური ციკლებისთვის. ეს პერიოდულობა მოდელირებული იქნება მაგნიტური როსბის ტალღებით მზის შიდა ფენებში. ამ ტალღების დისპერსიული თანაფარდობა დამოკიდებულია ტოროიდალური მაგნიტური ველის სიდიდეზე, ამიტომ დაკვირვებული პერიოდებისა და რხევების თეორიული სპექტრის საშუალებით შევისწავლით დინამო ფენის მაგნიტურ ველს სხვადასხვა ციკლში. მაგნიტური ველის სიდიდის შეფასება საშუალებას მოგვცემს გავიგოთ რომელი დინამო მოდელი მოქმედებს მზის შიდა ფენებში. ამიტომ პროექტის მოსალოდნელ შედეგებს აქვთ ძალიან დიდი მნიშვნელობა მზის აქტიურობისა და თანმდევი მოვლენების შესასწავლად.

პროექტის ხელმძღვანელი: თეიმურაზ ზაქარაშვილი

პროექტის კოორდინატორი: ვასილ კუხიანიძე

უცხოელი კონსულტანტი: რამონ ოლივერი

ძირითადი მონაწილეები: თამარ გაჩეჩილაძე, ზურაბ ვაშალომიძე, ეკა გურგენაშვილი

2.P Cygni-ის შესაძლო შემდგომი ამოფრქვევა

P Cygni-ის ხანგრძლივი, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი UBV დაკვირვებების საფუძველზე, (აბასთუმნის ობსერვატორია, 1937-1983 წლები), ცხადად ჩანს, რომ ვარსკვლავმა განიცადა გაწითლება. P Cygni არის ბრწყინვალე ლურჯი ცვალებადი (ბლც – LBV) და ცრუ ზეახალი (supernova impostor). ვარსკვლავთშორისეთის შთანთქმაზე შესწორების შემდეგ ვარსკვლავის B-V ფერს აქვს მნიშვნელობები -0.4-დან (1950-იანები), -0.1-მდე (1980-იანები). ეს ნიშნავს, რომ ვარსკვლავს მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც ჩანს, ჰქონდა უფრო ადრეული სპექტრული ტიპი და ჩვენ მისი ევოლუციური ცვლილებების მოწმე ვართ. ვარსკვლავი ჰერცშპრუნგ-რესელის დიაგრამაზე თანდათან გადაინაცვლებს არასტაბილურობის ზოლისკენ, რომელსაც ჰქვია „მუდმივი ტემპერატურის მქონე ამოფრქვევის ფაზა“. თუ P Cygni-ის გაწითლების ტემპი შენარჩუნდება, მაშინ ვარსკვლავმა დაახლოებით 100 წელიწადში უნდა განიცადოს მომდევნო ამოფრქვევა (შესაძლოა, ზეახლადაც კი აფეთქდეს).
UBV სიკაშკაშის მრუდების ქცევის საფუძველზე ვვარაუდობთ, რომ ვარსკვლავი შესაძლოა პულსირებდეს. არ გამოირიცხება ვარსკვლავის ორჯერადობის ჰიპოთეზაც.
2014 წლიდან ჩვენ დავიწყეთ P Cygni -ს ფოტომეტრული UBVRI დაკვირვებები აბასთუმანში, ხოლო სპექტრული დაკვირვებები მიმდინარეობს აზერბაიჯანში, შამახის ობსერვატორიაში.
ვგეგმავთ ჩვენი ვარაუდების მოდელური გათვლებით შემოწმებას, რისთვისაც მოვიწვიეთ გერმანელი კონსულტანტი, ამ დარგის ცნობილი ექსპერტი.
ნებისმიერი დაკვირვებითი მონაცემი ძალიან მნიშვნელოვანია მოდელური პარამეტრების დაზუსტებისთვის. თვითონ ვარსკვლავი კი შეიძლება აღმოჩნდეს „როზეტას ქვა“ ზოგადად მასიური ვარსკვლავებისა და კერძოდ ბლც-ების ბუნებისა და ევოლუციის შესწავლისთვის.
პროექტის ძირითად პერსონალში ჩართულია ორი გამოცდილი ასტრონომი და სამი ახალგაზრდა მეცნიერი – დოქტორი, მაგისტრი და დოქტორანტურის სტუდენტი.

პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ყოჩიაშვილი

პროექტის კოორდინატორი: სოფია ბერაძე

უცხოელი კონსულტანტი: ვოლფ-რაინერ ჰამან

ძირითადი მონაწილეები: რეზო ნაცვლიშვილი, ია ყოჩიაშვილი, მანანა ვარდოსანიძე

3.მზის კორონული ხვრელების მახასიათებლები და მათი კავშირი ატმოსფეროს ქვედა ფენების მაგნიტურ წარმონაქმნებთან

დღეისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მზეზე მიმდინარე ფუნდამენტალური პროცესებისა და მათ შედეგად გამოთავისუფლებული ენერგიის მზის სისტემაში ტრანსპორტირების დეტალური შეასწავლა. ამ მიზნით მზის ფიზიკოსთა ცხოველ ინტერესს იწვევს კორონული ხვრელების შესწავლა მზის ატმოსფეროს სხვადასხვა სიმაღლეზე. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, კორონული ხვრელების, ფონური მაგნიტური ველებისა და აქტივობის ცენტრების ურთიერთკავშირი მათ ევოლუციასთან მიმართებაში. პროექტის მიზანია, შევისწავლოთ ეს წარმონაქმნები, როგორც ერთი მთლიანი პროცესი ერთმანეთთან გარკვეული კანონზომიერებით დაკავშირებული.

ამ პროცესიდან მზის ფიზიკაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს კორონული ხვრელების სამგანზომილებიანი სტრუქტურის შესწავლა. მიზნის მისაღწევად შესწავლილი იქნება სამი ამოცანა:

  1. კორონული ხვრელების დინამიკური მახასიათებლების შესწავლა მზის აქტივობის ციკლთან კავშირში.
  2. კორონული ხვრელების ფართობთა ცვლილება დროსა და სივრცეში ფოტოსფეროდან კორონის ჩათვლით.
  3. კორონული ხვრელებისა და ფონური მაგნიტური ველების სტრუქტურებს შორის კავშირის დადგენა.

პროექტში გამოყენებული იქნება ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში რამდენიმე სამზეო ტელესკოპზე კვაზიერთდროული დამზერითი მასალა ფოტოსფეროდან კორონის ჩათვლით. პარალელურად, ვისარგებლებთ ინტერნეტში განთავსებული

კოსმოსური ხომალდებით დაკვირვებულ და მსოფლიოს სხვა ობსერვატორიებში მიღებული მასალებით, რათა კომპლექსურმა შესწავლამ

საშუალება მოგვცეს, უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ კორონული ხვრელების ბუნება მზის მაგნიტურ ველებსა და აქტიურ წარმონაქმნებთან მიმართებაში.პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს ასტრონომ მკვლევართა გამოცდილი ჯგუფი. პროექტში მათი წარმატებული საქმიანობა კიდევ ერთხელ დაგვანახებს მათ შესაძლებლობებსა და კომპეტენტურობას. ჩვენი მიზანია, აბასთუმნის ობსერვატორიის მზის ფიზიკის მკვლევართა ჯგუფი  ჩაერთოს საპლანეტათაშორისო სივრცის ათვისების ურთულესი პროექტების განხორციელებაში.პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდა მეცნიერებიც, როგორც ძირითად  პერსონალი, სამეცნიერო კვლევითი უნარ-ჩვევების  შესაძენად და ფართო ასპარეზზე გამოსასვლელად.

ჩვენს მიერ მიღებული შედეგები სამეცნიერო საზოგადოებას მიეწოდება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სტატიების სახით. დაგეგმილი მოვლენები საშუალებას მოგვცემს, მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში..

პროექტის ხელმძღვანელი: ნათელა ოღრაპიშვილი

პროექტის კოორდინატორი: დავით მაღრაძე

უცხოელი კონსულტანტი : ნატალია სტეპანიანი

ძირითადი პერსონალი: ნათელა ოღრაპიშვილი, დავით მაღრაძე, თამარ გაჩეჩილაძე