ალექსანდრე მაიერი

დაიბადა 1925 წლის 21 ოქტომბერს ქ. თბილისში მოსამსახურის ოჯახში.

ომის დაწყებისთანავე, 1941 წელს ნოემბერში, მაიერების ოჯახი სხვა გერმანელებთან ერთად  ყაზახეთში გაასახლეს. ალექსანდრე ამ დროს 15 წლის იყო და თბილისის 46 სკოლაში სწავლობდა. მას სკოლის დამთავრება ჩრდილო ყაზახეთის, პავლოდარის ოლქის სპეცდასახლებაში მოუწია. მშობლები მალე გარდეაცვალა. 1942 წელს მუშაობა იქვე კარიერზე დაიწყო მორიგე ელექტრიკოსად. 1949 წელს გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღო ელექტრო-ინჟინერის მოწმობა და დაინიშნა კარიერის უფროს ინჟინრად, სადაც 1956 წლამდე (გადასახლებიდან გათავისუფლებამდე) მუშაობდა. იქვე დაოჯახდა. მისი მეუღლე ვალენტინა ჩურიკოვა 60 წლის განმავლობაში მასთან ერთად ერთგულად ემსახურებოდა ობსერვატორიას.

1956  წელს გათავისუფლებისთანავე ა.მაიერი, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. იმავე წელს მან ობსერვატორიის დირექტორი, ევგენი ხარაძე გაიცნო და მისი მიწვევით სამუშაოდ და საცხოვრებლად გადავიდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, რომელსაც მჭიდროდ დაუკავშირდა მისი და მისი ოჯახის ცხოვრება.

1

ე.ხარაძემ მასში  ნიჭიერი, ობსერვატორიისათვის უაღრესად საჭირო ადამიანი დაინახა და თავიდან ელექტრო-მექანიკოსის შტატის უქონლობის გამო,  უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე ასტროფიზიკისა და ვარსკვლავთ ასტრონომიის განყოფილებაში გააფორმა. ერთ წლის მერე მისთვის ინჟინერ-ელექტრიკოსის შტატი მოიპოვა, ხოლო 1959  წელს უფროსი ინჟინერის თანამდებობაზე გადაიყვანა.

1968 წელს ობსერვატორიაში ოპტიკისა და ზუსტი მექანიკის ლაბორატორია დაარსდა და მის ხელმძღვანელად ალექსანდრე მაიერი დაინიშნა. იგი ამ ლაბორატორიას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

მის სამსახურებრივ მოვალეობებში შედიოდა არა მარტო დაკვირვებების უზრუნველყოფა (პროფილაკტიკური რემონტი და დამზერითი ინსტრუმენტების მოვლა-პატრონობა), არამედ ახალი ხელსაწყოების კონსტრუირება, საინჟინრო კონსტრუქტორული გათვლები და ახალი, ზუსტი ოპტიკურ-მექანიკური მოწყობილობების, ინსტრუმენტებისა და აპარატურის შექმნა-დამზადება, რომლებიც კონკრეტული სამეცნიერო ამოცანის გადასაწყვეტად იყო საჭირო.

ობსერვატორიაში ნებისმიერი ახლად დადგმული ტელესკოპი, მისი იუსტირებისა და ოპტიკური მახასიათებლების გამართვის თვალსაზრისით, მხოლოდ ა.მაერისა და მისი ლაბორატორიის თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქცეოდა მეცნიერთა ხელში შემდგომი კვლევის აუცილებელ დასაკვირვებელ იარაღად და მოქმედ ტელესკოპებსაც, ყოველთვის  მისი მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებოდა. დღეისათვის ობსერვატორიაში ვერ დავასახელებთ ვერცერთ ტელესკოპს, რომელთა წარმატებით მუშაობაში ლომის წვლილი ალექსანდრე მაერს არ მიუძღოდეს;  ერთია ტელესკოპის გამართული მუშაობა და მეორე, ამ ტელესკოპზე დამკვირვებლის მიერ დაგეგმილი ამოცანის წარმატებით განხორციელება, რომელიც ხშირ შემთხვევაში,  ტექნიკურ-მექანიკური დეტალების, მათი სხვადასხვა აქსესუარებისა და სპეცილური ვიწროზოლოვანი შუქფილტრების დამზადებას გულისხმობდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული, მხოლოდ და მხოლოდ  ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის ლაბორატორიაში ა. მაერის ხელმძღვანელობითა და მისი ძალისხმევით მზადდებოდა.

2

როგორი დიდ მოცულობის სამუშაოც არ უნდა ყოფილიყო  იგი ყოველთვის უმოკლეს დროში, მაღალ კვალიფიციურად და თანამედროვე ტექნიკურ დონეზე ასრულებდა. მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ტელესკოპები ყოველთვის საუკეთესოდ იყო გამართული და თუ დაკვირვების პერიოდში მაინც რაიმე გაუთვალისწინებელი შეფერხებას ექნებოდა ადგილი, ღამის რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო, მაშინვე ტელესკოპზე გაჩნდებოდა და მოაწესრიგებდა.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ა.მიერის ფასდაუდებელი წვლილი მზის სრული დაბნელებებისათვის ობსერვატორიის სამეცნიერო ექსპედიციების კომპაქტური და ორიგინალური ხელსაწყო-იარაღებით, სპეციალური შუქფილტრებითა და სხვადასხვა აქსესუარებით აღჭურვის საქმეში.

ფოტოსფერულ-ქრომოსფერული ტელესკოპი უზრუნველყოფს მზის ქრომოსფეროს ვიზუალურ, ფოტოგრაფიულ და კინოფოტოგრაფიულ დაკვირვებებს წყალბადის Hα ხაზში, რომლის მისაღებად იხმარება ტელესკოპში ჩართული ვიწროზოლოვანი ინტერფერენციულ-პოლარიზაციული ფილტრი. აღნიშნული ტელესკოპის მეშვეობით თითქმის ხუთი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ფოტოსფერული ჩირაღდნებისა და ლაქების სისტემატური დაკვირვებები, ქრომოსფერული ამოფრქვევებისა და მზეზე მიმდინარე ჩქარი პროცესების პატრულირება. სწორედ ამ ვიწროზოლოვანი (1Å) ინტერ-პოლარიზაციული ფილტრის გამართულ მუშაობასა და მის ტექნიკურ მომსახურებას იგი თითქმის ხუთი ათეული წლის განმავლობაში ახორციელებდა.

3

განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ მის მიერ შემუშავებული ვიწროგამტარებლობის ინტერფერენციული ფილტრების დამზადების ტექნოლოგია და ამ ტექნოლოგიით დამზარებული უნიკალური ფილტრები, რომლებზეც დიდი მოთხოვნა იყო ბევრ ობსერვატორიაში.

ა. მაერის მიერ დამზადებული ინტერფერენციულ-ვიწროზოლოვან (1-10Å) ფილტრები  გამოიყენებოდა მზის ატმოსფეროს ზედა ფენების – ქრომოსფეროსა და კორონის კვლევისას და მზის სრული დაბნელებების დაკვირვების დროსაც; დღესაც წარმატებით გამოყენება მის მიერ დამზადებულ ვიწროზოლოვან ინტერფერენციულ ფილტრები წყალბადის Hα , ჰელიუმის D3, კალციუმის H და K,  და წითელ (6374 Å)  და მწვანე (5303 Å) კორონულ ხაზებში, რასაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა ენიჭება სამზეო დაკვირვებათა ფართო დიაპაზონში.

მაიერს მიერ დამზადებული ფილტრები არაერთ ობსერვატორიაში გამოიყენება სამზეო დაკვირვებებში.

1989 წელს ობსერვატორიის ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის ლაბორატორიაში, ვ.ყულიჯანიშვილის მიერ შედგენილი ტექნიკური მონაცემების საფუძველზე, ა.მაიერმა შექმნა ახალი პოლარიმეტრის ოპტიკურ-მექანიკური ბლოკი, სკანირების ორიგინალური კვანძით, რომლის მართვა ავტომატურად ხორციელდება. ახალი, თანამედროვე სტანდარტების დონის შესაბამისი ელექტროპოლარიმეტრი, თავისი მახასიათებლებითა და კონსტრუქციული გადაწყვეტით,  ბევრად სჯობდა წინამორბედებს.

აღნიშნული პოლარიმეტრი მზად იყო 1990 წლის 22 ივლისის ჩერსკის (იაკუტიის რესპუბლიკა) მზის სრული დაბნელების დაკვირვებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩერსკში უამინდობის გამო მასზე დასახული სამეცნიერო პროგრამა ვერ განხორციელდა. პოლარიმეტრის მუშაობის ეფექტურობა სრულად გამომჟღავნდა 1991 წლის 11 ივლისის მექსიკისა (ვ.ყულიჯანიშვილი, ლ.გეონჯიანი და ს.დანიკი) და 1994 წლის 3 ნოემბრის ბრაზილიის (ვ.ყულიჯანიშვილი, ვ.კახიანი და ა.მაიერი) მზის სრული დაბნელებების დაკვირვების დროს, რამაც შესაძლებელი გახადა პოლარიზაციის ხარისხის მნიშვნელობა და პოლარიზაციის სიბრტყის მიმართულება დადგენილიყო შესაბამისად  1% -სა და 1° -ის სიზუსტით, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო მზის გვირგვინის კვლევის რთულ გზაზე.

მოგვიანებით, ზემოთ აღნიშნული ელექტროპოლარიმეტრი დაპატენტდა საქართველოში და მისი შექმნელებს (ა.მაიერი, ვ.ყულიჯანიშვილი და ს.დანიკი) 1995 წელს,  საავტორო უფლებაც  მიენიჭათ.

ა. მაიერი ავტორია გამოგონებისა, რომელიც მის უშუალო პროფესიულ საქმიანობას არ შეეხებოდა, მაგრამ მონადირეთათვის ძალიან კარგად იყო ცნობილი. ახალგაზრდობიდან ნადირობით გატაცებამ ის  გამოგონებამდე მიიყვანა.

მონადირეები ორი ტიპის ტყვიას იყენებენ და მათგან ერთერთი, ორმაგი ტურბინული ტყვია ალექსანდრე მაიერის მიერაა გამოგონებული. მაიერის ტყვია დიდი ზომის ცხოველებზე ნადირობისათვისაა განკუთვნილი და სხვა ტყვიასთან შედარებით უფრო შორი მანძილიდან, დიდი სიზუსტით ხვდება ნადირს. ორმაგი ტურბინული ტყვიისა და მის მოდერნიზებული ვარიანტის გამოგონებაზე  მას ორი  საავტორო უფლებაა აქვს მიღებული (1964 და 1968 წლებში).

მისი კიდევ ერთი გატაცება ვერცხლზე მუშაობა იყო. ის უმშვენიერეს სამკაულებს ამზადებდა  არა მარტო თავისი ოჯახის წევრებისათვის. ობსერვატორიის მკვიდრთაგან ბევრ დარჩა მისგან ძვირფასი საჩუქარი.